Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2052
Title: პატრი მიხეილ თამარაშვილი
Keywords: სასულიერო პირი
პორტრეტი
ამონაჭერი
პატრი
Abstract: მიხეილ თამარაშვილი - ერისკაცობაში ალექსანდრე (იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი) – ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 1858 წელს ახალციხეში, ე. წ. „რაბათის“ უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში. მის მშობლებს 10 შვილი ჰყოლიათ, ორი ქალიშვილი და რვა ვაჟი, რომელთაგან ალექსანდრე (შემდგომში – მიხეილი) მეცხრე ყოფილა. დაწყებითი სასულიერო განათლება მ. თამარაშვილმა მიიღო ახალციხეში, ე. წ. "ქვემო ეკლესიის" სამრევლო სკოლაში, სადაც მას მეურვეობდა პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე ("ვინმე მესხი"). 14 წლის იყო მიხეილი, როდესაც მამა გარდაეცვალა. უმამოდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად მან სწავლას თავი მიანება და ხარაზს მიებარა ხელობის შესასწავლად. 1874 წელს მიხეილი საცხოვრებლად ქუთაისში, თავის ძმასთან, სოლომონთან გადავიდა, სადაც მის დუქანში წუღებს კერავდა. თავისუფალ დროს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში დადიოდა და ასომთავრულ და ხუცურ დამწერლობას სწავლობდა. 1876 წელს ძმები ქუთაისიდან ხაშურში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ ფეხსაცმლის სახელოსნო გახსნენს, მაგრამ მალევე გაკოტრდნენ, სახლოსნო დახურეს და მშობლიურ ახალციხეში დაბრუნდნენ. განათლება და სასულიერო კარიერა. ახალციხეში დაბრუნებული თამარაშვილი ივანე გვარამაძის რჩევით, 1878 წელს სტამბოლში გააგზავნეს , პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერი-კვეის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში. იქიდან ქართველ კათოლიკეთა ძმობის დაფინანსებით გაემგზავრა ესპანეთში, სადაც სასულიერო სემინარიაში დაჰყო სამი წელიწადი. შემდეგ დაბრუნდა სტამბოლში, სადაც მღვდლად ეკურთხა. სტამბოლიდან იგი გაემგზავრა პარიზში, სადაც 1888 წელს დაამთავრა წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი, გაეცნო პარიზის სამეცნიერო ცხოვრებას, მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში. 1888 წელს მიხეილ თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, მალე კი თბილისში, სადაც კათოლიკეთა მიძინების ტაძრის მღვდლად იქნა გამწესებული. მისი პროქართული ქადაგებანი აუტანელი იყო თბილისის ცარისტული მმართველებისთვის და იგი გააძევეს თბილისად, ჩამოართვეს რა სამშობლოში მღვდელმსახურების უფლება. 1889 წელს თამარაშვილი კვლავ ჩავიდა სტამბოლში. 1891 წელს იგი გაემგზავრა რომში და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. მალე დაინიშნა ამავე აკადემიის პროფესორად. ამ ხნის განმავლობაში აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე, ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში თამარაშვილმა გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. აქედან თამარაშვილმა მოასწრო საქართველო-ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება და გამოცემა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" (1902, თბილისი), "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას" (თბ., 1904), ხოლო მისმა წიგნმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია" (1910, რომი; 1995, თბილისი) ფრანგულ ენაზე დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. ორივე მონოგრაფია, რომლებიც შედგება ევროპის არქივებში ავტორის მიერ მოძიებული და ზედმიწევნით შესწავლილი უაღრესად საყურადღებო პირველწყაროებისგან, დღემდე წარმოადგენს სამაგიდო წიგნებს მკვლევართათვის. თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას. 1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Tamarashvili_Mikhael_Patri_verso.jpg174.6 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.